სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკავებული იურისტის – ლია რამიშვილის შვილი ნათია აფხაზავა „ფეისბუკის“ გვერდზე წინა ხელისუფლების მიერ დედის მიმართ გამოტანილ ცრუ ბრალდებებსა და მათი ოჯახის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ავტორიტარულობასა და უსამართლობაზე აბსურდული საუბრები დღეს ჩვენი უავტორიტეტო ოპოზიციური პოლიტიკოსებისგან ნამდვილად სასაცილოა – მაშინ, როცა უახლოეს წარსულში, სააკაშვილის მმართველობის დროს, ჩვენმა ოჯახებმა გადაიტანეს სრული ჯოჯოხეთი.
დედაჩემი ლია რამიშვილი უმაღლესი ავტორიტეტის იურისტი და ნოტარიუსია; ათწლეულებია, ემსახურება ხალხს და მის მიმართ, მადლიერების გარდა, სასაყვედურო არასდროს არაფერი გამიგია ჩვენი ხალხისგან.

სააკაშვილის დროს შეთითხნილი პროვოკაციული ბრალდებით ლიას მოუწია ციხის ჯოჯოხეთის გამოვლა.
მე და მამიკო მორალურად გაგვანადგურა იმ ამბებმა.
მოგვიწია ჩვენთვის კოლოსალური გირაოს გადახდა დედის დასახსნელად. მას გამოუტანეს პირობითი მსჯავრი და წლების მანძილზე აღკვეთილი ჰქონდა სამუშაო.

ჩემი ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახი, რომელიც ჩემი მშობლების კეთილსინდისიერი შრომით ფლობდა, თუ რამეს ფლობდა, იმ პერიოდიდან უკან და უკან წავიდა.
მამას ნერვიულობისგან ინფარქტი დაემართა და სხვა დაავადებები გაუჩნდა. დედა განადგურებული იყო პატიმრობისა და უმუშევრობის დროს. მასაც მრავალგვარი დაავადება დაემართა გადატანილი სტრესების ნიადაგზე და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.

მამა სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ლანჩხუთელები დამემოწმებიან, რომ ლევან აფხაზავა ყველასთვის საყვარელი, ყველას გვერდით მდგომი, უკეთილშობილესი ადამიანი იყო და მუდამ ემსახურებოდა ლანჩხუთელების კეთილდღეობას.

სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების დროიდან აკიდებულმა ვალებმა გაანადგურა ჩემი ოჯახი, გავყიდეთ მთელი უძრავი ქონება, რაც კი გაგვაჩნდა, მათ შორის მამისეული სახლი მშობლიურ სოფელში და დეიდის დანატოვარი სახლი სუფსაში.

ამჟამად ჯანმრთელობაშერყეული დედის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ცხოვრების ტვირთი იმდენად დამიმძიმა გადატანილმა უბედურებამ, რომ წელში ვერ გავსწორდით, იმ ავადსახსენებელი წლებიდან მოყოლებული.

ვისაც ეს არ შეხებია და არ გამოუცდია, მისთვის ადვილია ლაპარაკი.
სასაცილოა დღეს ვინმეს დევნასა და საქმეების შეთითხვნაზე საუბარი.
უსამართლობა და პოლიტიკური დევნა იყო 2012 წლამდე და “ქართულმა ოცნებამ” გადაარჩინა ჩვენსავით დასჯილ-რეპრესირებული ათასობით ოჯახი.
ბულინგის ისეთ ქარცეცხლში მოვხვდი, ლამის ცხოვრებაზე ამაღებინონ ხელი!” – წერს აფხაზავა “ფეისბუკის” გვერდზე.