„საზოგადოება ქართული“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის აღნიშნულია, რომ “Edison Research-ის” კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14%-ით ნაკლები იყო ცესკო-ს საბოლოო შედეგებზე, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გაყალბება გასაკვირი არ უნდა იყოს.

„Edison Research-ისგან” “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ 12,1%-ით გაყალბება არ გაგვკვირვებია. ყველა წინა წლის სტატისტიკა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ამ კომპანიის კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14%-ით ნაკლები იყო ცესკო-ს საბოლოო შედეგებზე.
ამ შემთხვევაშიც, ეს კომპანია საქართველოში მოემსახურა არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების საბაბი მიეცა. სინამდვილეში კი, პირიქით გამოუვიდა, სიყალბეზე „მოზეიმე“ ოპოზიცია დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან, რომელიც ცესკო-ს რეალური შედეგების გამოცხადებიდან მიიღეს.

რა თქმა უნდა, უცხოელი პატრონების ორმაგი და სამმაგი სტანდარტების გამო, ოპოზიცია, ე.წ. არასამთავრობოები და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ გრძნობენ უხერხულობას ორ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გათვალეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ კურატორებმა. კერძოდ, ცესკო-ს მონაცემებს დაემთხვა არა მხოლოდ „გორბის“ ეგზიტპოლი, არამედ (და, რაც მთავარია) იმ #ISFED-ის პარალელური ხმების დათვლის შედეგი (მათივე აღიარებით), რომელმაც 2020 წლის არჩევნებისას PVT გააყალბა“, – წერია განცხადებაში.