2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ISFED-ის დაგვიანებულ დასკვნას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი გამოეხმაურა.

„ქართულმა ოპოზიციამ ISFED-ის დასკვნა შეჭამა. უპასუხისმგებლო ოპოზიციისა და ჩიხში შესული დასავლეთის უარგუმენტო განცხადებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქვეყნის მტრობასა და მოღალატეობრივ ქმედებებს, რომელიც გარე ძალების მიერ წინასწარ დაიგეგმა და ახლა რადიკალური ოპოზიციისა და პოლიტიკური ინტერესების მქონე NGO სექტორის ხელით ხორციელდება.

პარალელური დათვლის შედეგების არგამოქვეყნება ღალატისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა. ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანისკენ. სააკაშვილის ხელისუფლებას და იმდროინდელ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელთა ნაწილიც ქართულ პოლიტიკაში დღემდე რჩება, ქართული გენოფონდის განადგურების მცდელობა არაერთხელ ჰქონიათ და დღესაც სურთ. თუმცა, ქართველი ხალხისთვის ოჯახური ღირებულებები, ქართული ფასეულობები და ღირსება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. სწორედ ამიტომ, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, კეთილდღეობასა და ღირსებას. მადლობა და გილოცავთ გამარჯვებას!“ – წერს გივი ჩხარტიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.