საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიზიტზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე საქართველო-სომხეთის ერთობლივ განაცხადზეც ისაუბრა.

„ჯანი ინფანტინო პირველად იმყოფება საქართველოში, რაც ჩემთვის და ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის დიდი პატივია. მისი ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნისადმი მისი და ფიფა-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. იცით, რომ ფიფა-ს „ფორვარდის“ პროგრამით საქართველოში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროგრამა განხორციელდა, ეს კი ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას, მათ შორის, მასობრივი ფეხბურთის – როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფიფა-ს პრეზიდენტს ვესაუბრეთ ისეთ პროექტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ – 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რომელზეც საქართველომ და სომხეთმა ერთობლივ განაცხადი წარადგინეს. ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება, თუ ამას შევძლებთ. ამის იმედი და მოლოდინი მაქვს.

ჯანის საქართველოში ჩამოსვლა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ ამას, ფიფა-სა და უეფა-ს მხარდაჭერით, კიდევ გავაგრძელებთ.

მას აქვს ინფორმაცია და თავადაც ახსენა, რომ შარშან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ. კარგად იცის, რა ხდებოდა მაშინ ჩვენს სტადიონებზე, რა ატმოსფერო იყო. რაც მთავარია, იცის, როგორ სპორტულ შედეგებს მივაღწიეთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჯანი ინფანტინომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველანაირი საშუალება აქვს, ასეთი დონის სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლოს; რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაც ხელს გვიწყობს, თუმცა ასეთი ტურნირი ყოველთვის იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთით – ეს ჩვენს ინტერესშია.

სხვადასხვა საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოვა, რომლებთანაც დეტალურად გავივლით იმ საკითხებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ასეთი მასშტაბური დონის ტურნირს ვუმასპინძლოთ.

იმედი მაქვს, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამისთვის ჩვენ, აუცილებლად, ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კობიაშვილმა.