საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება, პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა.

„დავიწყებ იმით, თუ რა შემოსავლებით დაიწყეს სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა მისი პრეზიდენტობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რით დაიწყეს და როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება – ძირითადად, სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების ხარჯზე, არამედ რიგითი ადამიანების ძარცვის, პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე, – როდესაც ადამიანებისთვის პირდაპირ ხდებოდა მათი კერძო, პირადი ქონების ჩამორთმევა და მერე ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა, მაგალითად, მაშინდელი ტელეკომპანია “რუსთავი – 2-ის” ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ჩართული იყო ადამიანების წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების შექმნაში.

ირაკლი კოდუა, რომელიც მაშინდელ სოდ-ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა… თუმცა მე არ მინდა, შევქმნა ილუზია, რომ ეს ირაკლი კოდუას დონეზე გადაწყდებოდა – ასეთი საჯარო ბანდიტიზმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით. შეუძლებელია, თუნდაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირის დონეზე გადაწყვეტილიყო და ეს, მინიმუმ, პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილიყო. და ამ დროს, ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში და ერთი ადამიანის გასრესაში “რუსთავი – 2-ის” სახელით ჩართული იყო ნანუკა ჟორჟოლიანი – მისი ცოლი“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.