შვეიცარიულ ავიაკომპანია “Edelweiss-თან” ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან მაღალრეიტინგული გამოცემების, ონლაინ მედია პლატფორმებისა და დოკუმენტური ფილმების წარმომადგენლებს, ასევე ბლოგერებს მასპინძლობს.

„საქართველოში ბევრი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა: “British Airways-ი”, “Transavia France-ი”, “EasyJet-ი” და “Edelweiss-ი”. ახალი ავიახაზები, ახალი სიხშირეები უზრუნველყოფენ საქართველოში ბევრად მეტი მოგზაურის ჩამოყვანას. ახლაც, “Edelweiss-ის” პირველ რეისს მედია ჯგუფი ჩამოჰყვა, ეს მედია ტური ერთობლივად განვახორციელეთ “Edelweiss-თან” ერთად და ჟურნალისტები, ბლოგერები, ვიდეოგრაფები, ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, მოამზადებენ სტატიებსა და ვიდეო რგოლებს, რათა მოგზაურებს საქართველო გააცნონ და ჩვენი ქვეყანა წლის სამოგზაურო მიმართულებებს შორის მოხვდეს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

შვეიცარიული მედიის 10-მდე წარმომადგენელი თბილისში, უფლისციხესა და მცხეთაში იმყოფებოდა. ჟურნალისტები და ბლოგერები კახეთს ეწვევიან, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს; სპეციალურად სტუმრებისთვის ღვინის მასტერკლასები და ქართული კერძების დეგუსტაცია გაიმართება.

„უკვე ორი შესანიშნავი დღე გავატარეთ საქართველოში, ძალიან ლამაზი ქვეყანა და თბილი ხალხია, ძალიან მომეწონა ქართული კერძები და ღვინო. საქართველოში მიღებული პოზიტიური გამოცდილების შესახებ სტატიას ვამზადებ“, – განაცხადა გამოცემა “ბლუვინის” რედაქტორმა სვენ ზგილერმა.

„საქართველოში ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა. ეს არის ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა შვეიცარიიდან საქართველოში. პირველივე ფრენაზე ბორტი სავსე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრს უნდა საქართველოში მოგზაურობა. საქართველო ძალიან მიმზიდველია, გამოირჩევა კულტურითა და კულინარიით“, – ამბობს ფოტოგრაფი ლორენ ბედელი.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ პირდაპირი ფრენები დავიწყეთ ციურიხსა და თბილისს შორის. ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, ბევრი შვეიცარიელი მგზავრი ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში, სადაც ძალიან გემრიელი კერძებია; სადაც თბილი ხალხია. საქართველო მრავალფეროვნებით გამოირჩევა“, – განაცხადა ავიაკომპანია “Edelweiss-ის” წარმომადგენელმა მიქელე კატანიომ.

შვეიცარიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ავიაკომპანია „Edelweiss-ის” ახალი პირდაპირი ავიარეისის – ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, ბუნების, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს, პოსტებს, სთორებსა და რილსებს მოამზადებენ.

კამპანიის მიზანია შვეიცარიიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა და შვეიცარიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია.