“მოკლედ, არ წყდება რეზონანსული შიზოფრენია არჩევნებთან დაკავშირებით. ჯერ ხომ ყველამ მოიგო სინამდვილეში, მაგრამ გაუყალბეს. ამ გაყალბების მექანიზმების სულ ახალ და გენიალურ ახსნებს გვთავაზობენ”, – წერს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.
“ასე მაგალითად, “ოცნებას” თურმე დაუტრენინგებია, დაახლოებით, 3000 პარანორმალური თვისებების მქონე ექსტრასენსი, რომლებიც დაჟინებული მზერით ხვდებოდნენ ამომრჩეველს და აჰიპნოზებდნენ მას, რომ ხმა “ოცნებისთვის” მიეცა, ხოლო შემდეგ, ამავე დაჟინებული მზერით ასკანერებდნენ კონვერტის შიგნით არსებულ ბიულეტენს და აღრიცხავდნენ, თუ ვის მისცა ამ ბედკრულმა ამომრჩეველმა ხმა.
საარჩევნო უბნამდე ამომრჩევლებს აცილებდნენ “ოცნების” სპეცჯგუფები, რომლებიც, იმ შემთხვევაში, თუ ექსტრასენსის მიერ ტელეპათიურად ეცნობებოდათ, რომ ამომრჩეველმა ხმა სხვას მისცა, ამ უკანასკნელს სასტიკად უსწორდებოდნენ.
ცხადია, ზემოთ აღნიშნული ჰიპნოტიზიორები უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ისე ნუსხავდნენ, რომ ეს უკანასკნელნი სომნაბულურ მდგომარეობაში მყოფნი აწერდნენ ხელს შემაჯამებელ ოქმებს. ეს ჰიპნოზი ზუსტად 5 დღე გრძელდებოდა, რის შემდეგაც დაიწყო კიდეც მხილების პროცესი.
კერძოდ, აღმოაჩინეს, რომ კონვერტი ფარულობას არ უზრუნველყოფდა და ამით შეშინებული ამომრჩევლები სულ ტირილით აძლევდნენ ხმას “ოცნებას”, რის შედეგადაც ბევრი ბიულეტენი დასველდა და მელანმა ამის გამო გაჟონა.
იმაზე აღარაფერს ვიტყვი, თუ როგორ მხეცურად ართმევდნენ მტრედივით უმანკო და კრავივით უმწეო “ნაცებს” პირადობის მოწმობებს ისე, რომ ერთმაც არ იჩივლა, იმდენად თვინიერნი არიან.
მაგრამ ეს ყველაფერი გაფერმკრთალდა ქართული პოლიტიკის პატრიარქის, შალვა ნათელაშვილის სენსაციური განცხადების შემდეგ. ბატონმა შალვამ ჩვეული რიხით ამხილა შეთქმულება რუს ოლიგარქსა და ,,ეროვნულ ბაღლინჯოს” შორის, კერძოდ, თურმე, ელექტრონულ მანქანებში შედეგები წინასწარ იყო შეყვანილი და ეს შეთქმულება ნათელის, ანუ მისი, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამ სენსაციურ მხილებას ერთი ნაკლი აქვს – საქმე ისაა, რომ ბიულეტენები ხელითაც ითვლებოდა. მაგრამ ამას ჰიპნოტიზიორი ექსტრასენსებისა და “ოცნების” ზონდერჯგუფების ამბავი ხსნის. ამ სრულიად აშკარა ფაქტებსა და მეცნიერულ ლოგიკაზე დაფუძნებული ვერსიების ურთიერთშეჯერებით ნათელი ხდება, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.
თანაც, იგივე აზრზეა ისეთი ზნეობრივი კამერტონი, როგორიც არის მიხაელ როთი.
ვისაც ამის არ გჯერათ, ყველანი რუსები ხართ! არა რუსულ ჰიპნოტიზიორებს! არა რუსულ ელექტრონულ მანქანებს! არა რუსულ ლოგიკას! არა შინაარსში შესვლას! ძირს პუტინი! აპრუწუწუნ!” – წერს სოსო მანჯავიძე “ფეისბუკის” გვერდზე.