საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა ევროკავშირის გარკვეული ჯგუფებისა და ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებულ ყალბ რეალობაზე გადაცემა “პოსტ ანალიტიკაში” ისაუბრა.
“ერთ მხარეს დგას გარკვეული ჯგუფი [ევროკავშირის] დეპუტატების, ინტერესების გამტარებლების თუ დამკვეთების და მათ ერთგვარი ყალბი რეალობა აქვთ; მეორე მხარეს დგას, თუნდაც, ევროკავშირის ის სამართლებრივი პროცედურები, რაც არის ქვეყნის შეფასებები, ანგარიშები, რომლითაც რეალურად ფასდება საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებისთვის გადადგმული ნაბიჯები.
თუნდაც აშშ-დან, ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე, რომელზეც გაკრიტიკებს
და მეორე ბრიფინგზე წარმოგიდგენს უსაფრთხოებისა და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა. ეს ანგარიში რეალურ საფუძვლებსა და ნაბიჯებზეა დამოკიდებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებებზე.
საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაციაც არ ეფუძნება რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებს. ეს არის რეფორმების, კანონმდებლობისა და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.