5 November 2018; Mariam Lashkhi, Head of International Relations Department - Innovate Georgia, during Ecosystem Summit at El Bulo Social Club prior to the start of Web Summit 2018 in Lisbon, Portugal. Photo by Diarmuid Greene/Web Summit via Sportsfile

„ეს არის სანქციების ფიასკო და, როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა, ეს იყო ერთგვარი აფერა, რაც დღევანდელ მინისტერიალზე ვიხილეთ. სამწუხაროა და, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ, რა სამართლებრივი დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, თუ ერთგვარი პოლიტიკური მანიპულირებისა თუ ცინიზმის ერთგვარი სიმბოლიკა?“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ჩვენი ოპონენტები, რომლებიც არაერთხელ ილაშქრებდნენ საკუთარი სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც გვახსოვს, ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, და აქ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ის, რომ ვიზალიბერალიზაცია არის სხვა, და დღევანდელი გადაწყვეტილებით, რაც არის დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვა, ეს არის სხვა გადაწყვეტილება.
ამას სამართლებრივად განსხვავებული პროცედურები და განსხვავებული ინსტიტუციური დატვირთვა აქვს, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ ვიზალიბერალიზაციამდე პირველი ხელშეკრულება, რაც ვიზებთან დაკავშირებით გააკეთა, ეს იყო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო პროცედურების გამარტივება, უვიზო მიმოსვლა და გაცილებით ადრე იყო ეს პროცედურები. შემდეგ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაცია. ამიტომ, ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუციური და სამართლებრივი პროცედურაა.

ამასთან ერთად, უნდა ვნახოთ, რომ რეზოლუციაში ჩანაწერი გაკეთდა პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი სამართლებრივი პროცედურები და თავისი ბიუროკრატია. ეს არ არის ხუთი დღის თუ ორი თვის საქმე, ამას მოჰყვება თავისი სამართლებრივი პროცედურები, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს საფუძვლები, რის მიხედვითაც ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამოტანა; შემდეგ უნდა იმსჯელოს წევრმა სახელმწიფოებმა და კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მოიცავს 14 ქვეყანას. ანუ, ამ წევრი ქვეყნების მოსახლეობის 65%-ზე მეტი წარმომადგენლის გადაწყვეტილება უნდა იყოს, და ძალიან კარგად იციან გადაწყვეტილების მიმღებებმაც, რომ ეს, საბოლოო ჯამში, ვერ გავა დანიშნულების ადგილამდე, ვინაიდან სწორედ იმ კვალიფიციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რადგან არც კონკრეტული საფუძველი ექნება ამას და, შესაბამისად, ესეც განიცდის ერთგვარ ფიასკოს.

ამიტომ ეს გადაწყვეტილება ვერ ნახავს სინათლეს. და მაშინ ჩნდება კითხვა: რას ემსახურება ეს რეზოლუცია?! – ეს არის ერთგვარი ხელოვნური სუნთქვის ჩატარება რადიკალებისათვის და განეიტრალებული და შესუსტებული მუხტის გაცოცხლების მცდელობა, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც არ გაქვს საფუძველი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას სიმყარე არ აქვს, ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც – მარცხს განიცდის. და სამწუხაროა, რომ დღესაც, ევროკავშირში, იმ გარკვეულ დაინტერესებულ ბიუროკრატებს აქვთ მცდელობა, ერთგვარი კუდის ბოლო მოქნევა.

ჩვენ ვიცით, რომ ამ კვირაშიც ევროპარლამენტში გაიმართება გარკვეული მსჯელობები და, სავარაუდოდ, საქართველოს საკითხსაც დააყენებენ და, ასე ვთქვათ, ბოლო გაფართხალება იქნება 19-20-ის შეკრება – საბჭოს სხდომა, როდესაც კიდევ გვექნება შემდგომი მოლოდინები, თუმცა, ახალი წლის მერე, როგორც თავადაც აანონსებენ, ტრამპის ინაუგურაციის მერე რიტორიკა შეიცვლება“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.