„სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ იმას, რომ ადამიანი, რომელიც 29 დეკემბრამდე ფორმალურად მაინც ითვლება პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული განცხადებების ავტორია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
„სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე კომენტარი შეიძლება იყოს ერთადერთი – ასეთი ტიპის გზავნილები უცხოური ძალებისგან მოდის, რასაც, ვნახეთ, რომ არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ამერიკული და ევროპული საზოგადოებაც ემიჯნება, რაც, თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ამერიკაში აირჩიეს ის პრეზიდენტი, რომელიც 90% შემთხვევაში ჩვენნაირ განცხადებებს აკეთებს. ამ დროს კი, საქართველოს ფორმალურად წოდებულ პრეზიდენტს ანტიქართული განცხადებები ახასიათებს.
სალომე ზურაბიშვილს [პრეზიდენტობის] სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.