აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძემ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

„ერთი ძალიან მარტივი და თვალსაჩინო რამ მინდა გითხრათ და ვუთხრა ოპოზიციას, რომელიც დარბაზში არ არის. ამ მოვლენებიდან გამომდინარე, ვხედავთ, ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად თავისუფლად შეუძლია, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ეს არის დემოკრატიის და დემოკრატიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი ამ ქვეყანაში. მინდა, ამის შესახებ დაფიქრდეს ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა, მათ შორის, საერთაშორისო ანგარიშებს და ჩვენს დარბაზშიც არიან იმ წლებში დაზარალებული ოჯახები, ბიზნესი, რომელიც შუა ღამით, თითქოს ნოტარიუსებით, თითქოს თავისუფალი ნების გამოვლენით თავის საკუთრებას, რომელიც ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, სახელმწიფოს ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს საჩუქრად აძლევდა. მინდა ყველამ კარგად დაინახოს, ამავდროულად, იმ ბიზნესის წინააღმდეგ როგორც ოპოზიციასთან აფილირებული მედია საშუალებების, ისე თავად ოპოზიციის პარტაქტივის უწყვეტი ბულინგი და სხვადასხვა ტიპის კამპანიები სოციალურ ქსელებში და გარკვეული შავი პიარის აგორება, რომლებიც ღიად არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს, რაც ოპოზიციის ინტერესებშია. ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი, რაც ჩანს ამ მიმართულებით და ესეც – კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით – არის დემოკრატიის ინდექსი, როცა ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.