პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე. გავეცანით ადგილზე ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს, ხვალ. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას, პირადად მოვუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.
რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია.
მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. მქონდა საუბარი როგორც გუბერნატორთან, ასევე მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ყველა ეს ოჯახი, ადამიანი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.