ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა საპარალამენტო უმრავლესობა დატოვეს და, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე, ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ჩამოაყალიბეს.
„როგორც იცით, მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურად, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით, ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტიან მართვასა და სწრაფ განვითარებას ემსახურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულიად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს.
ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება.
ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტიან ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს; საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, არგუმენტირებული დისკუსია ექნება უმრავლესობის წარმომადგენლებთან.
ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.