პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დროა, სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის ეპოქა დაიწყოს. მართალია, მან ამ ეტაპზე  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე მიუთითა,  მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რომ დომინანტი სახელმწიფო საქართველოა, ეს, ჩვენზე უკეთ, მათ იციან. იმასაც კარგად აანალიზებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობა საქართველოს მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდება. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში საქართველომ დაიწყო ფასილიტატორობა ამ ორ სახელმწიფოს შორის და პროცესებს წარმატებულად მართავს. ესეც საუკეთესოდ იცის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ.

ტრამპი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სუბიექტს რეგიონში, ფრთხილად უახლოვდება. მისი იდეოლოგია და პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან. როდესაც სახელმწიფოებს შორის საერთო ენა და შეხების რამდენიმე წერტილი არსებობს, მათ შორის საუკეთესო პარტნიორობა მყარდება.

სწორედ ამას ვპროგნოზირებდით, – რომ უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ჯერი დადგებოდა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა, სიტუაცია აერია და ჩვენი ქვეყნისთვის მტრული მიზნები განეხორციელებინა. ამაში მილიონობით დოლარი დახარჯეს, თუმცა, რაგინდ გასაკვირი ჩანდეს, ივანიშვილის  გუნდმა პატარა საქართველოდან დიდ სახელმწიფოს ჭკუით აჯობა და პროცესები მოუგო. ეს დასაფასებელი და საინტერესოც იქნება ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისთვის, რომლის მესიჯებიც “ოცნების” გუნდის მესიჯების იდენტურია.

უმნიშვნელოვანესი პროცესების მოლოდინში იკვეთება სამხრეთ კავკასიის როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის იმიჯი. ეს პირველი შემთხვევაა, რაც გლობალურმა პროცესებმა მოიტანა და იგი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. აქ არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლის, პოლიტიკური სტატუსის თუ ეკონომიკური განვითარების გასაღებიც”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.