“გაიარა ომის ეპიზოდმა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, ქვეყანამ ომი გადაიტანა… სექტემბერში „თიბისი ბანკის” მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა”, – განაცხადა ბიზნესმენმა, შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

„მაშინ ჩემს კომპანიაში აღმასრულებელ დირექტორად იყო ნოდარ ხადური, მისი მეშვეობით მოხდა ეს კომუნიკაცია და რამდენიმე წერილით მიმართა ნოდარმა „თიბისი ბანკის” მენეჯმენტს, და არა მარტო „თიბისის“. არ იფიქრონ მესვეურებმა, რომ ეს მხოლოდ ჩემზეა გადმოტანილი… მაშინ შეუძლებელი იყო ამ თანხების მოძიება. დეკემბრის ბოლოს (ახალ წლამდე გვქონდა ვადა) შევძელით ამ თანხების აკუმულირება და დაფარვა. შევასრულეთ ეს მოთხოვნა პირნათლად, მივმართეთ მანამდე, რომ იქნებ გადაგვივადოთ, იქნებ რაღაც შეღავათი მოგვცეთ, ბიზნესი ჩერდება და სხვა ალტერნატიული საშუალება არ გვაქვს. არაფერმა არ გაჭრა. საბოლოო პასუხით გამოისტუმრეს ნოდარი. ეს როგორც ჩაფარვა მოხდა წლის ბოლომდე. ნოდარმა მითხრა, – ჯაფარიძისგან რეკავს წარმომადგენელი და გვთხოვენ შეხვედრას, კომპანიაში წილის ყიდვა უნდათო. კაცი, რომელმაც მოგვსპო, გაგვანადგურა, საბრუნავი ფული წაგვართვა. კი, თავისი იყო, მაგრამ იმას ვალდებულებები მოჰყვებოდა ჩემგანაც და მათი მხრიდანაც. საუბარი იყო საბრუნავ თანხაზე 3 000 000 დოლარის ფარგლებში.

მივედით, შევხვდით. ჯაფარიძე იყო, იყვნენ სხვებიც. ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენს კომპანიაში წილის ყიდვა, ფერები მოგვწონს თქვენიო. სხვებიც არიან, მაგრამ თქვენი გვინდა ვიყიდოთო. ლურჯი და თეთრი ფერები გვქონდა, როგორც მათ ბანკს აქვს. სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს, რატომ არ უნდოდათ სხვა „კალონკების“ ყიდვა”, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.