“15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია – “Air Serbia” შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა”, – ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

“ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ, “Airbus 319-ით” შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია “Air Serbia” შემოდის.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი გაცილებით ინტენსიური გახდა. დასკვნით ფაზაში მოლაპარაკებების პროცესში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია “TAV Georgia” ჩაერთო.

საბოლოოდ, ავიაკომპანიასთან შევთანხმდით, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩვენ დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კვირაში სამჯერ შესრულდება.
ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში განახორციელებს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

“Air Serbia” პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია “Aeroput-ის” მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა.