“ბატონ ჯემალს ჰქონდა ისეთი ბიზნესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ბიზნესია, შესაბამისად, სახელმწიფო ამ ბიზნესს ხელიდან არ გაუშვებდა. მე როცა სახელმწიფოს ვამბობ, ვგულისხმობ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომლებიც იმ პერიოდში ბიზნესში იყვნენ ჩართულნი. უბრალოდ, მას არ შეარჩინეს, ჩამოართვეს ის ბიზნესი, რომელიც იყო ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი შემოსავლის თვალსაზრისით და კერძო პირს, უბრალოდ, არ მისცემდნენ ამ ბიზნესის გაკეთების უფლებას. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩინოვნიკების, მათი კონტროლის ქვეშ და ა.შ. მე, რა თქმა უნდა, ეს შთაბეჭდილება დამრჩა და ბატონი ჯემალი, უბრალოდ, გახდა მსხვერპლი ამ ბიზნესების ჩამორთმევის”, – განაცხადა ადვოკატმა როინ მიგრიაულმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვა მიმდინარეობს.
მან ასევე ბიზნესის წართმევის საქმეში იმ პერიოდის ბანკებისა და შემოსავლების სამსახურის როლზეც ისაუბრა.
„ძალიან ბევრი რამ გამიგია და ზოგიერთი ფაქტის მონაწილეც ვყოფილვარ, როდესაც ბანკებს, მაგალითად, კრედიტი მიუციათ იმისათვის, რომ მერე საკრედიტო მარწუხებში ჩაეგდოთ სუბიექტი და ბიზნესი წაერთმიათ. ეს ჩემი 25-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში არაერთხელ შემხვედრია და არაერთხელ მომისმენია, ასე რომ, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ისევე, როგორც შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ინსპექცია იყო ერთ-ერთი ბერკეტი იმისათვის, რომ შესულიყვნენ, გამოგონილი გადასახადები დაეწერათ და შემდეგ ამ გადასახადების მეშვეობით ხელში ჩაეგდოთ ბიზნესი და ის კანონი, რომელიც 2007 წელს მიიღეს – „გადახდისუუნარობის კანონი“ (მე ამას ბენდუქიძის კანონს ვეძახი) სწორედ იქითკენ იყო მიმართული, ძალიან მოკლე ვადაში ბანკს და შემოსავლების სამსახურს როგორ ჩაეგდოთ ხელში ის ბიზნესები, რომლებიც საინტერესო იყო მათთვის. ორი ძირითადი კრედიტორისთვის დაიწერა ეს კანონი – ბანკებისათვის და შემოსავლებისათვის“, – განაცხადა როინ მიგრიაულმა.