„ზოგადად, საარჩევნო ინსტიტუციები ერთადერთი და მთავარი დაკვირვების ობიექტები არიან ქვეყნებში, სადაც არჩევნები იმართება. ასეთი სადამკვირვებლო მისიების არსებობა, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ობიექტური დასკვნების, მიგნებებისა და რეკომენდაციების არსებობას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს არჩევნების მთლიანობასა და ერთიანობას“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილებისა და მანდატის ფარგლებში იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული თანამშრომლობასა და ღიაობაზე.

„ჩვენ საქმიანობითა და ღიაობით ხელს შევუწყობთ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ოპერატიულად და სრულყოფილად ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაში. ამომრჩევლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, პროპორციული სისტემით აირჩიონ მათთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტები და, ასევე, ეს არჩევნები საინტერესოა იმ მხრივ, რომ პირველად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩევლების 90%-ისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტექნოლოგიური საშუალებებით სერვისების მიწოდება. ეს ამარტივებს პროცესს, უფრო გამჭვირვალესა და ღიას ხდის და უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და მაღალი სტანდარტების დაცვას კენჭისყრის დღის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.