“მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია”, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების ქმედებებს, – ჩვენი კომისია იძიებს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს.
წინა სხდომებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ თურმე (უკვე დადასტურებულადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სხდომები გრძელდება), მიხეილ სააკაშვილსა და მის ამფსონებს – დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში. ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს მოქმედებდნენ არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს.
მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს ისინი; უფრო მეტიც – გენერალმა ყურაშვილმა ჩემს კითხვაზე მიპასუხა, – საფუძველი აქვს თქვენს მოსაზრებასო, კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალ ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა მშვიდად. ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმაოთ: მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.