„ორგანიზაცია “numbeo.com-ის” მონაცემებზე დაყრდნობით უსაფრთხოების შესახებ ანგარიში რომ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და მეოთხე ადგილს იკავებს, მაშინ, როცა შვეიცარია მეხუთე ადგილზეა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ისაუბრა იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ, უსაფრთხოების მხრივ, 90-იანი წლებიდან დღემდე მიაღწია.

„შვეიცარიაში ვიცხოვრე წლები. 90-იანებში ძველი შვეიცარიელები მეუბნებოდნენ, რომ იქ დანაშაული, უბრალოდ, არ ხდებოდა. არც სახლს ვკეტავდით, არც – მანქანას, სამოთხე დედამიწაზე – ასეთი ქვეყანა იყო. წარმოიდგინეთ, ამ მიგრაციამ რა გააკეთა, რომ შვეიცარიაში სახიფათო ადგილები გაჩნდა. ამ მხრივ, ბოლოდან მესამე ადგილზეა პარიზი – ღამით ქუჩაში ვერ გადიან. ამ დროს, საქართველოს რომ მუდმივად ამუნათებს რადიკალური ოპოზიცია და ხან კრიმინალს ახსენებს და ხან – რას, ხომ დავინახეთ, თუ რომელი ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნებში? აქ ჩამოსულ ევროპელ სტუმრებთან როცა მაქვს კომუნიკაცია, ყველასგან მხოლოდ დადებით შეფასებებს ვისმენ. მე 90-იანი წლების თბილისიდან რომ წავედი და აშშ-ში რამე წარწერას ვნახავდი, რომ იქ არ შეიძლებოდა თუ სახიფათო იყო და ა.შ., მეცინებოდა. რას უნდა გავეკვირვებინე, ისეთები მქონდა აქ ნანახი. ახლა კიდევ, ახალი თაობა, რომელიც აქ დაიბადა, ვერ ხედავს, თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ, მაშინ, როცა სხვა ქვეყნები რეგრესს განიცდიან.

ევროკავშირის წევრები არ არიან ბულგარეთი, ალბანეთი ან რუმინეთი? რატომ არ მიდიან საქართველოდან იქ და მიდიან გერმანიაში ან სხვაგან? იმიტომ, რომ ჩვენთან უკეთესი ცხოვრებაა. აბა, ნახონ, ევროკავშირში მიღების შემდეგ ლიეტუვიდან ან პოლონეთიდან რამდენი ადამიანია წასული. აქ რომ ცდილობენ, მიგრაცია ხელისუფლებას დააბრალონ და ჩანერგონ აზრი, რომ ქვეყანაში არაფერი ვითარდება, ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივი. კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირი გვინდა და ეს არასდროს დაგვიმალავს, მაგრამ რაციონალურად, გონივრულად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.