სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური ჩარტერული ფრენები განახლდება.
ავიაკომპანია “Korean Air-ის” მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის მიმდინარე წლის 11 მაისს, 25 მაისს, 8 ივნისს, 22 ივნისსა და 6 ივლისს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ავიაკომპანიამ ინჩეონი – თბილისი – ინჩეონის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები გასულ წელსაც შეასრულა, 2018-2019 წლებში კი, სეზონური ფრენები სეული – თბილისი – სეულის მიმართულებით განხორციელდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ “Korean Air-ს” საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2025 წლის 2 აპრილს მიანიჭა.