“საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი, ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ ევროინტეგრაციის შეფერხებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები”, – განცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის, აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც.
ჰიბრიდული საფრთხეების და საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულებაა კიბერ-დანაშაულები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულებზე რეაგირებასა და სხვა სახის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.