“ოპოზიცია არის სავალალო მდგომარეობაში და მათი ყოველდღიური განცხადებები, მათი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უტყუარ ფაქტს, რომ როგორც რეიტინგულად, როგორც ნდობის, ისე პოტენციური თვალსაზრისით, რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
“ისინი ერთმანეთს აბრალებენ ხელმოცარულობას, რომელიც აბსოლუტურად ყველა მათგანის დამსახურებაა, პირველ რიგში, იმ ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულების ჭრილში, რომელსაც ისინი იღებდნენ და დღესაც იღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, ასრულებენ რა, ჩვეულებრივად, აგენტურის ფუნქციას საქართველოში. ამიტომ, ისინი იმოქმედებენ ზუსტად ისე, როგორ დავალებასაც მისცემენ “დიფ სთეითის” კონკრეტული წყაროები.
მათი მხრიდან არჩევნებზე უარის თქმა იქნება კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ პოლიტიკურ სარბიელზე მათი შიშები არის ძალიან აშკარა, რადგან, მკაფიოდ და ცალსახად, კვლავაც გამოჩნდება, თუ როგორი უსუსური, ყოველგვარი პოლიტიკური პერსპექტივის არმქონე და რეიტინგულად განულებული რადიკალური ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.