„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას. პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი – ეს არის, ერთი მხრივ, უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
“9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, ის რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარულმა.
შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, სწორედ, ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე.
ეს ყველაფერი შეგვახსენებს ასევე იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს“, – განაცხადა პრემიერმა.