“უკვე გაცვეთილი და ამორტიზებულია როგორც თავად რადიკალური ოპოზიცია, ისე ოპოზიციის მიერ ნახმარი სიტყვა “რუსული”. მათ კიდევ აქვთ თავში თეზა, რომ, თუ ხშირად გაიმეორებენ სიტყვა “რუსულს”, ამით საზოგადოებას რაღაც წარმოდგენას შეუქმნიან ან შეუცვლიან რეალურ, ჭეშმარიტ ფაქტებს”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
“სამწუხაროდ, დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოური დაკვეთით მართული არაჯანსაღი, თითიდან გამოწოვილი და მართული პროცესია, როდესაც უცხოური ძალის დამქაშები, “დიფ სთეითის” პირდაპირი განკარგულების შემსრულებლები რიგით მოქალაქეებსაც კი არ აკარებენ 9 აპრილის მემორიალს და, ამავე დროს, ტაშ-ფანდურით ხვდებიან კონკრეტული უცხოური ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებს.
ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, ოღონდ – 36 წლის წინ; ოღონდ, მაშინ უცხოური ძალა ნიჩბებით, მომწამლავი გაზით, ტანკებით ცდილობდა, ჩაეხშო ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. დღეს ამ ყველაფერს ვხედავთ მოდიფიცირებული სახით – პროვოკაციებით, ტყუილებით, ცილისწამებით ცდილობენ, ქვეყნის, ერის ერთიანობაში ხინჯი შეიტანონ და დღე, რომელიც არის კონსოლიდაციის, ერთიანობის დღე, საკუთარი პროვოკაციებით შეცვალონ და გადააქციონ იმ მოცემულობად, რაც არის ქართველთა არაკეთილმოსურნეთა სურვილი. ამას ვერ ეღირსებიან. ჩვენ ამას ნამდვილად არ დავუშვებთ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.