“იმისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. ყველა უარს გვეუბნებოდა, შეშინებული. აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მოგვკარებოდა. ახლობლების დახმარებით, ოჯახმა გავთხარეთ საფლავი”, – განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ ციცინო შავაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
„იძულებით, სწრაფად, მესამე დღესვე გავიყვანეთ სახლიდან და, როდესაც გავედით, გზის სამშენებლო სამუშაოები იყო და მიცვალებული იმდენად დაჭრილი იყო, რომ მოდიოდა სისხლი და ვიფიქრეთ, სწორი ასფალტიანი გზით წავსულიყავით, რომ მიცვალებულს ბევრი არ ექანავა და ცუდად არ გამოჩენილიყო. ამიტომ მოგვიწია ბენზედან ქალაქიდან გასვლა ბარცხანით, ჩაისუბნისკენ ზედა გზით წასვლა და მათ ეგონათ, რომ ჩვენ რაღაცას ვაპირებდით ისეთს და იყო უამრავი უცხო მანქანა, უნომრო მანქანები ამოგვიდგნენ წინ და უკან. ეგონათ, ამით ჩვენ რაღაც მანიპულირებას ვახდენდით, თითქოს, ან ქალაქისკენ მიგვყავდა სადმე ან რაღაც მსგავი და, როდესაც შევუხვიეთ ჩვენს გზაზე, სადაც სასაფლაოა, მანქანები დარჩნენ ჩვეულებრივად, ოღონდ, ახლობლები ვინც გვახლდნენ, ყველას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ჯობდა, დაეტოვებინათ იქაურობა და გასცლოდნენ“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
თეა წულუკიანის კითხვას, თუ ვინ აფრთხილებდა ტელეფონით ხალხს, ციცინო შავაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, იმდროინდელი მთავრობა. აბა, სხვა ვის უნდა გაეკეთებინა?!“