“ეს განცხადება მთლიანად ნაკარნახევია ლობიზმით და რა უნდა დავარქვა ამ განცხადებას, თუ არა მაროდიორობა პირდაპირი მნიშვნელობით და თუ არა პოლიტიკური კანიბალიზმი?! – მხოლოდ ეს შეფასება შემიძლია გავაკეთო ამ კონკრეტული ადამიანის და ამ კონკრეტული მოლაპარაკე თავის განცხადებაზე”, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გერმანელი ევროპარლამენტარის – მიხაელ გალერის განცხადება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, „შესაძლოა, მიღებულ იქნას ზომები”.

„პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის რეალურად ბატონი გალერი – ბატონი გალერი არის ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი იმ დიდი მექანიზმის და მანქანის, რასაც „დიფ სთეითი” ჰქვია და რომელიც ასე ნათლად, დაუფარავად და ბოროტად არის წარმოდგენილი ევროკავშირში და ასევე ნათლად და ღიად აქვს ფესვები და საცეცები გადგმული, ეს იქნება არარჩეული ბიუროკრატები, ბატონი გალერის მაგვარი მოლაპარაკე თავები ევროპარლამენტში თუ სხვადასხვა ცალკეულ ქვეყანაში მისი ხელდასხმული პოლიტიკოსები, ეს იქნება აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში”, – აღნიშნა კირცხალიამ.

„ზოგადად ფაქტი რომ შევაფასოთ, ჩვენ ისეთ ძალაზე ვსაუბრობთ, ვისთვისაც არანაირ დემოკრატიულ ფასეულობას და საფუძველს არანაირი აზრი არ აქვს. ეს უკვე კარგად ნახა საზოგადოებამ არამარტო ქვეყანაში, არამედ, ზოგადად, ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში. ქვეყნები, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც დემოკრატიის აკვნები, თუნდაც ევროპაში, ვხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ – ორმაგი, სამმაგი სტანდარტით გაკეთებულ განცხადებებს. გადასულები არიან მაროდიორობაზე, პოლიტიკურ კანიბალიზმზე და ეს არაფერია, თუ არა იმ ფაშიზმის გამოვლინება, რასაც “დიფ სთეითი” კარნახობს დღევანდელ მსოფლიოს. ეს ეხება ჩვენს ქვეყანასაც, ეს ეხება ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გამორჩეულ, პატრიოტ ადამიანს და ადამიანს, რომელმაც თავის დროზე საკუთარ თავზე აიღო იმ აგენტურული ქსელის გამოვლენა და მოკვეთა ამ ქვეყნიდან, რომელიც მართავდა ქვეყანას, და როგორ მართავდა, კარგად გვახსოვს 2003-დან 2012 წლამდე. კარგად ვხედავთ იმ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც მიმდინარეობს და რა ფაქტებიც ხდება ცნობილი. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანდატიც გაუფართოვდა საგამოძიებო კომისიას და უკვე ვხედავთ, იმავე „დიფ სთეითის” მიერ მართული აქაური აგენტურული ქსელი რით არის დაკავებული – თავიანთი პატრონებისგან ნაკარნახევი სცენარების უშედეგოდ, მაგრამ აღსრულებით.

კიდევ ერთხელ: არანაირი საფუძველი არ არსებობს იმ განცხადების, რომელიც ბატონმა გალერმა გააკეთა, ისევე, როგორც არანაირი საფუძველი არ არსებობდა არცერთ განცხადებასა თუ რეზოლუციაში, რომელიც იყო ამ დიდი აგენტურული ქსელის მიერ შეთხზული და შემდეგ მიღებული სხვადასხვა სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურასა თუ ინსტიტუტში”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.