„ანტალიის დიპლომატიური საერთაშორისო ფორუმი – ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა თურქეთში, რომელიც იმართება ყოველწლიურად და ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ, მაგრამ წელს ვართ წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე, რაც მიუთითებს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე”, – განაცხადა საქართველოს ელჩმა თურქეთში არჩილ კალანდიამ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ანტალიაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება.

“ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის.

გაიმართება მნიშვნელოვანი პანელი, სადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები. ამ პანელის სახელწოდებაა „პარტნიორობა ახალ, მულტიპოლარულ ეპოქაში“, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირები.

ამ ფორუმში საქართველოს უმაღლეს დონეზე მონაწილეობა ხელს შეუწყობს როგორც საქართველო-თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ისე თანამშრომლობის გააქტიურებას ჩვენს სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.