„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, განაცხადა, რომ „ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა“.
„ბაშალეიშვილი სამი წლით დაიჭირეს, რომელსაც, სულ ცოტა, 15 წელი ეკუთვნოდა. ამას ჰქვია ახალი გარემოება, რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს, და მე ეს ხელში მეჭირა.
მინდა გითხრათ, რომ ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.
ოქრუაშვილმა რაც გააკეთა, ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მე მეუბნება, – სოსო, ხომ იცი შენ შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი… ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ვნახე“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.