პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
„ერთი მხრივ, გასაგებია კერძო კომპანიის პრიორიტეტები და ინტერესები, რომ მას არ უნდა, რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად, უსასრულოდ, წამგებიან რეჟიმში იმუშაოს. ეს, ერთი მხრივ, გასაგებია ბიზნესის მხრიდან. მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდანაც და მოსახლეობის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ ბიზნეს კომპანიას, მით უმეტეს, ამხელა ბიზნესს აკისრია ხოლმე, სრულად იყოს გააზრებული და პატივცემული.
ამიტომ, სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ, რათა, ერთი მხრივ, ბიზნეს ინტერესები იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.
ამ პროცესში არის ჩართული სახელმწიფო, რათა სწორედ ეს ოქროს შუალედი ვიპოვოთ და იმედია, უახლოეს მომავალში ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.