„ხალხის ძალის “ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.
„არ ვიცი, იგრძენით თუ არა, მე კი დავინახე, რამ შეაშინა აგენტოკრატების ლაქია მარიონეტები – მთავრობის სათავეში ირაკლი კობახიძის გადანაცვლებამ. ეს შიში და საკუთარი გეგმების მსხვრევა მათ ჯერ კიდევ წინ აქვთ, თანაც – უკიდურესი გამძაფრების მიმართულებით.
დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წინასაარჩევნო განცხადებების შემდეგ, ნათლად დავინახეთ ამ უსამშობლო და უიღბლო „პოლიტიკანების” რიგებში ახალი შიშებისა და გადარჩენის მინიმალური შანსის არარსებობის ნიშნები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები – იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს.
ერთი სიამოვნება იყო, ადგილმონაცვლეობის მიუხედავად, ახალ ამპლუაში ორი თავდაჯერებული, შემტევი და მიზანმიმართული ირაკლის ნახვა. მათ ხელში და „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეთვალყურეობით, „მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურებს” რისი ან ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ 26 ოქტომბერს, სულ რომ ეუთო/ოდირის სრული შემადგენლობა ჩამოიყვანონ საქართველოში, ჩემთვის გაუგებარია…“ – წერს დავით ქართველიშვილი.