„მესმის ამდენი კითხვა ბიძინა ივანიშვილზე – ადამიანზე, რომელმაც ჯერ ქართული სულიერება თავისი მიზანმიმართული ქველმოქმედებით გადაარჩინა და შემდეგ ფიზიკურად გადაარჩინა ეს ქვეყანა. ამ კაცის წინააღმდეგ ასეთი გაშმაგებული კამპანია გასაგებია და ქვეყნის გამყიდველებისაგან იმ ადამიანზე შეტევა, რომელმაც მაგალითი დადო. და ამას ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ, დარწმუნებული ვარ. დაიდო მაგალითი, თუ როგორ არ იყიდება ქვეყანა, შესაბამისად, გასაგებია მათი ისტერიკა, ვინც მას განსაკუთრებით უტევს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„არ უნდა დაგვავიწყდეს: ეს არის ადამიანი, რომელიც, თავის დროზე – 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ებრძოდა სულიერებას, ებრძოდა ყველაფერ ქართულს, კულტურას, ქველმოქმედება განახორციელა ზუსტად ამ მიმართულებით, რომ გადაერჩინა ქართული სულიერება; აშენებდა ეკლესიებს, აშენებდა თეატრებს, კულტურის სხვადასხვა წარმომადგენელს ეხმარებოდა, ამ მიმართულებით ეწეოდა ქველმოქმედებას და, მეორე მხრივ, 2012 წლის შემდეგ დღემდე ჩვენ – ყველამ ერთად ისე მოვიტანეთ მისი ხელმძღვანელობით ეს სიტუაცია, რომ უკვე ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ეს ქვეყანა – რომ არა 2012 წლიდან მისი ხელისუფლებაში მოსვლა და შემდეგ განვითარებული მოვლენები, დღეს საქართველოში იქნებოდა ომი, უბედურება და შეიძლება, ფიზიკური განადგურების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე ვყოფილიყავით; და მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ არ იყიდება ქვეყანა, და ამაზე, სხვათა შორის, სპეკულაციურად ლაპარაკობენ და 2 მილიარდს საერთოდ არაფრად მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც, თვეში 2000 დოლარად, ყოველ დღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას, და ამას შემთხვევით არ ვამბობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში.

„თქვენ იცით, რომ ეს კომუნიკაცია მანამდე არ არსებობდა, იყო მხოლოდ რჩევების დონეზე, ცალკეულ შემთხვევებში, იშვიათ შემთხვევებში და, ასე ვთქვათ, ეს რჩევები იყო მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით, – ძალიან ღირებული რჩევები, სულ ორ-სამ ადამიანთან, როგორც მან განაცხადა და, ძირითადად მიმართულებებთან დაკავშირებით მართლაც ბევრი გენიალური რჩევა იყო. პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიმღები, ასეთი რჩევების მომცემი ადამიანი ბევრი არ გვყავს, არა მხოლოდ საქართველოში, – ბევრი ასეთი ადამიანი არ არსებობს, და დღეს ეს ადამიანი, როდესაც ასეთი გონებრივი შესაძლებლობების და ასეთი პოლიტიკური გათვლების შესაძლებლობების ადამიანი უფრო აქტიურად არის ჩართული, ეს, ბუნებრივია, პარტიას ერთიორად წაადგება. მაგრამ უშუალო ჩართულობა, რეგიონში ჩავა თუ არა, წინასწარ გადაწყვეტილი არც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მასაც ამასთან დაკავშირებით მკაფიო წინასწარი გადაწყვეტილება არ ექნება. ჩემი აზრით, შეიძლება, არც იყოს საჭირო, იმდენად მყარად ვართ ამასთან დაკავშირებით და მისი ეს დამატებითი, უშუალო ჩართულობა შეიძლება იმდენად გვაძლიერებს, რომ არაფერში არ დასჭირდეს ამ ადამიანს რეგიონებში სიარული. შეიძლება, გადაწყვიტოს კიდეც; ეს მასზეა დამოკიდებული და ამაზე წინასწარ პასუხს ვერ გაგცემთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.