„სანამ ოპოზიცია და მისი ლობისტები უცხოეთიდან საქართველოს არჩევნების ბედის გადაწყვეტას სათავისოდ ცდილობენ, მანამ ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას ახლა უკვე კლდესავით მტკიცე, სუფთა და მოაზროვნე პრემიერის მეთაურობით“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის მართვის წესი უცხოეთისთვის იმდენად ანგარიშგასაწევია, რომ ამას ოპოზიციაც ხვდება და იციან – არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ; ამიტომ სასოწარკვეთილები არიან.

„იმის ნაცვლად, რომ წინასაარჩევნოდ უფრო ძლიერდებოდნენ, პირიქით, მთლად ფსკერზე ეშვებიან. სწორედ ამიტომ ეშინიათ იმ უცხოელი დამკვირვებლების, რომელთა დასკვნაც მათთვის სასიამოვნო არ იქნება.

ოპოზიცია შეეცდება, კვლავ წინა არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა გაიმეოროს, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ გაჰყვებიან უცხოელი ლობისტებიც კი. ერთხელ უკვე დანაშაულში შემჩნეული პირები მეორედ იგივე დანაშაულს ვეღარ ჩაიდენენ. და თუ მაინც შეეცდებიან, იციან, რომ უმკაცრესი პასუხი ექნებათ ქვეყნის პრემიერისგან. სწორედ ამიტომ თრთიან და ეშინიათ არჩევნების.

ოპოზიცია უცხოელი დამკვირვებლებით მანიპულირებს, რადგან სურთ სამართლიანობის იმიჯი მოირგონ და აქედანვე შექმნან საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების მიერ ჩატარებული „გაყალბებული არჩევნების“ შესახებ. მაგრამ ხალხი ფაქტებით იღებს გადაწყვეტილებას და არა მათსავით – ზეპირსიტყვიერად. ფაქტები კი მხოლოდ წარსულში ოპოზიციისა და მათი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობას ასახავს“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.