„ნაცების” დროს საქართველოში უკან აღარ დაბრუნდა 247 000 ადამიანზე მეტი. დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი – რეალური საზრუნავი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, რითაც უპასუხა ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ქვეყნიდან მოქალაქეები თავის გადასარჩენად მასობრივად გარბიან.

„თუკი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დეზინფორმაცია ანგრევს პიროვნების იმიჯს, პოლიტიკაში დეზინფორმაცია ანგრევს სახელმწიფოს იმიჯს. სწორედ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი და ამას ემსახურება გიორგი ვაშაძის მორიგი, უკვე მერამდენედ გაჟღერებული ტყუილი, თითქოს მოქალაქეები ქვეყნიდან მასობრივად გარბიან თავის გადასარჩენად.

ჯერ ერთი, ადამიანების უცხოეთში წასვლა სასწავლებლად, ტურისტულად, სამკურნალოდ თუ სამუშაოდ არ არის დანაშაული და, სწორედ ამიტომ, ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი. მეორეც – უცხოეთში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ იქ ყველა რჩება და უკან არავინ აღარ ბრუნდება.

ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო დატოვა 800 000-მა მოქალაქემ. ეს არის მისი მხრიდან დეზინფორმაცია, რომელიც მტრობისა და დაპირისპირების სტიმულირებას ახდენს.

სიმართლე კი შემდეგია: „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამ ქვეყნიდან, სხვადასხვა მიზნით და დროით, უცხოეთში გაემგზავრა 969 021 ადამიანი, მაგრამ უკან დაბრუნდა 969 400 პირი (მონაცემი ასახავს მხოლოდ 2013-2022 წლების მიგრაციას და არ გულისხმობს, დამატებით, 2023 წლის მონაცემებს, როდესაც შესამჩნევი იყო ჭარბი მიგრაცია რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში). “ნაცმოძრაობის” დროს კი (2003-20012 წწ.), ქვეყნიდან გავიდა 908 318 და უკან დაბრუნდა მხოლოდ 660 731 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 2420 ადამიანით, ხოლო “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს შემცირდა 247.587 ადამიანით.

2012 წლამდე მათ არაფერი გაუკეთებიათ არც შობადობის გასაზრდელად და არც მიგრაციის შესაჩერებლად. საქართველო მოსახლეობისგან სწორედ მათ დროს დაიცალა. 2012 წლიდან დღემდე კი, ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს ამ თემაზე ისაუბროს, სწორედ დღევანდელი ხელისუფლებაა“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.