„რადიკალური ოპოზიციისთვის ეუთოს გენმდივნის განცხადებები შოკი და ცივი შხაპი იყო“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
„ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია, ეუთოს მიერ გამოტანილი დასკვნის მიხედვითვე, სადაც წერია, რომ ეს იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას ჰქონდა საშუალება სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ, თუმცა ვერ მიაღწიეს.
ამავდროულად, ეუთოს გენმდივანი იმ გზავნილებით ჩამოვიდა, რომელიც თანხვედრაში მოდის ჩვენი სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან. ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა, სადაც საქართველო რეგიონში ამის ქვაკუთხედიც კი არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში არეულობა, ფაქტობრივად, დომინოს პრინციპით გამოიწვევს მთელ რეგიონში ცვლილებებს.
აი, ამის სათქმელად ჩამოვიდა ეუთოს გენმდივანი და იმისთვისაც, რომ რაღაცნაირად საშუალებაც კი მისცეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მოჯადოებული წრიდან გამოვიდნენ და იქნებ, როგორმე პოლიტიკურ უფსკრულში არ გადაიჩეხონ“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.