ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში – ჰადას მეიცადს შეხვდა.

განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარე გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი მოსეშვილი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. მისი თქმით, ტრადიციულად მზარდია ორ ქვეყანას შორის როგორც ტურისტული ნაკადების დინამიკა, ისე ფრენების სიხშირეთა რაოდენობა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელს შორის ამჟამად რეგულარულ სამგზავრო ფრენებს, ჯამში, 4 ავიაკომპანია კვირაში, საშუალოდ, 76-ჯერ ასრულებს. მისი თქმით, 2024 წელს, 2019 წელთან შედარებით, ისრაელში ფრენების სიხშირე გაორმაგდა და კვირაში 70 სიხშირე შეადგინა.

რაც შეეხება ისრაელიდან ტურისტულ ნაკადებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, იგი 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 43 პროცენტით გაიზარდა. ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა და 72.9 პროცენტით გაიზარდა, შედეგად, ისრაელი ე.წ. Top 15 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება, თუკი ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებენ.

„ქუთაისის აეროპორტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ინტერესია, მეტმა ავიაკომპანიამ მეტი მიმართულებითა და სიხშირით შეასრულოს ფრენა ამ აეროპორტიდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ქუთაისსა და იმერეთის მხარეში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.