„ეს არის ყველაზე ბინძური და ბოროტი ცილისწამება და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სავარაუდოდ, თავად ამ ადამიანებს მზაკვრული ბუნება აძლევთ შესაძლებლობას, საზოგადოებას შესთავაზონ მათ მიერ შეთხზული სიცრუე. კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია!“ – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ამბობენ, რომ თითქოს, კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასობრივი ევთანაზია, მათ შორის, მეპატრონისა და მიმკედლებლის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში. და რომ ამ მეთოდებით, 2 წელიწადში აღარ იქნება ქუჩაში უპატრონო ცხოველი. ასევე, თითქოს, იმ შემთხვევაში, თუ 3-ზე მეტი ძაღლი გვეყოლება საკუთრებაში, ან თუ მიკედლების აკრძალულ ადგილებში ვერ მივიკედლებთ, ეს ძაღლები რეგისტრაციის გარეშე დარჩებიან, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, დააპატიმროს და შემდეგ დააძინოს უპატრონო ცხოველები.

მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს 2023 წლის მარტიდან და, ასევე, კანონპროექტით, ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორის, ცოფს (რომელსაც 100%-იანი ლეტალობა აქვს), დადგენილია ვეტერინარის სპეციალური დასკვნის სავალდებულოობა, დადგენილია სხვადასხვა შემთხვევებისათვის ცხოველზე დაკვირვების 10-დღიანი, 45-დღიანი და 6-თვიანი დაკვირვების ვადები. აღნიშნული რეგულაცია ვეტერინარების, ცხოველთა დამცველებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად დადგენილია მთავრობის მიერ და ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი წესები“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე მაია ბითაძემ.