„ამბობენ, რომ თითქოს, კანონის მიღებისთანავე აიკრძალება საკუთრებაში 3-ზე მეტი ცხოველის ყოლა, ხოლო 3-ზე მეტი ძაღლის ყოლის შემთხვევაში სავალდებულო იქნება მეზობლების უმრავლესობის თანხმობა.

სინამდვილეში, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს”, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის მეზობლებისგან თანხმობის საჭიროება დადგენილი არ არის. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ “თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1-ელი ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში – მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა“, – განაცხადა ბითაძემ.