„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის – გიორგი კალანდარიშვილის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ „TV პირველის“ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის – გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ფაქტების გავრცელებით.
მისი მისამართით ამ ტიპის კამპანიების წარმოება არ არის ახალი და დროში ყოველთვის იმ პერიოდებს ემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში დგება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენდა. სწორედ ამიტომ, მისი დისკრედიტაცია ისეთ ფაქტებზე საუბრით ხდება, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს არც არჩევნების ჩატარების ხარისხთან, არც მის პროფესიონალიზმთან და საქმიანობასთან.
გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ავსებს თანამდებობის პირის დეკლარაციას; მასში სრულად და დეტალურად არის ასახული ინფორმაცია კალანდარიშვილის ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ყველაფერი არის საჯარო და, მისი სრულყოფილად განხილვის შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არანაირი კითხვის ნიშანი არ რჩება.
თუმცა, როგორც ჩანს, სიუჟეტის ავტორების ინტერესში არ შედიოდა სრული სურათის დანახვა და მათ სულ სხვა რეალობა გამოიგონეს.
გასული სიუჟეტი შეიცავს არაერთ ცრუ ინფორმაციას და მისი ამ ფორმით გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.
სიუჟეტში გიორგი კალანდარიშვილის მიმართ მთავარი ბრალდებაა, თითქოს, მან და მისმა ოჯახის წევრებმა უძრავი ქონების შეძენა ერთ კონკრეტულ პერიოდში შეძლეს, სინამდვილეში კი, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ შესყიდვები სხვადასხვა წელს განხორციელდა და ეს სიუჟეტში საგანგებოდ დამალულია.
პოლიტიკური დაკვეთით მომზადებული ეს სიუჟეტი არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ გიორგი კალანდარიშვილი საკუთარი საქმის პროფესიონალია და მისი თანამდებობრივი პოზიცია დიდი თავის ტკივილია კონკრეტული, დესტრუქციულად მოქმედი ძალებისათვის.
ოპოზიციამ ვერანაირი საფუძველი ვერ მოძებნა მის შესაცვლელად და ახლა მისი „გაშავებას” საგანგებოდ დაკვეთილი პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტებით ცდილობენ.
არ მიკვირს, მივეჩვიეთ, რომ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ მედია ძალებს 2012 წლის შემდეგ მხოლოდ წაგებულ თამაშში შესვლა დასჩემდათ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.