„როდესაც სწრაფად იზრდება კონკრეტული სექტორი, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვა, იქ ჩნდება რისკებიც. მათ შორის კარტელური გარიგებების, არასწორი პროცესების რისკებიც იზრდება. ზრდასთან ერთად, ასეთი რისკებიც მატულობს. რა თქმა უნდა, აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის – ზურაბ აზარაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
პრემიერის თქმით, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში.
„კიდევე ერთხელ, მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორი არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო. რა თქმა უნდა, ყურადღება მომავალშიც საჭიროა და, შესაბამისად, ყურადღებით გავაგრძელებთ მუშაობას.
ის მუშაობდა ამ პრობლემების დაძლევაზე. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა ამ ყველაფერზე. მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით, რაც ვთქვი, – ეს იყო პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა. ამაზე გავამახვილე ყურადღება. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა. ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურაბ აზარაშვილმა, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი და, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.