„რა ფორმაც არ უნდა მიიღონ, რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, რომ “დარესტაილინგებულ” „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს“, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.
ჩაკვეტაძის თქმით, საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოაბრუნოს“.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მთელ თავის საარჩევნო კამპანიას სიძულვილის კამპანიაზე აწყობს, მუქარებსაც კი არ ერიდება და შემდეგ 9 ნაბიჯის შესრულებასა და დეპოლარიზაციაზე გვესაუბრება, რაც წარმოუდგენელია, ამ ადამიანების მხრიდან რომ მოვისმინოთ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს, ვინ ცდილობს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. როგორც თვითონ იტყოდნენ, 235 დღის შემდეგ ჩვენ ისევ თბილისში ვიქნებით და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ, მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.