„პირველ რიგში, კარგია, რომ ევროკავშირის სტრუქტურები გამოეხმაურნენ იმ გულისწყრომას, რომელიც საქართველოში იქნა გამოხატული ადეიშვილის ევროკავშირის სტრუქტურებში ვოიაჟის გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხმა მისწვდათ და კი, შეაწუხათ იმან, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა წამებაში მსჯავრდებული, ადამიანების ქონების მიტაცებაში მსჯავრდებული და ადამიანის გატაცებასა და ცემაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ზურაბ ადეიშვილის მიერ ბუნდესტაგში ვიზიტისა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრის თაობაზე.
დავითულიანის თქმით, არ შეიძლება ევროკავშირის მხრიდან იმ კრიმინალების პატივით მიღება, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ, ვინაიდან ეს ქვეყანაში ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს, რისი მოსურნეც არც საქართველოა და არც ევროკავშირი.
„რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თითქოს, ეს დეზინფორმაციის ნაწილია: ეს დეზინფორმაცია კი არ არის, ეს არის ფაქტი, რომ კრიმინალი, 4 სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი იჯდა ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალურ მიღებაზე. ამასთანავე, პრობლემაა ის, რომ ის იყო უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, და ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების გაფუჭებაში, რა თქმა უნდა, ცალსახად და ცალმხრივად უკრაინული მხარის აი, ასეთი დამოკიდებულებაა პრობლემა, მიზეზი და სტიმული ამ ურთიერთობების გაფუჭების. რა თქმა უნდა, ეს არავის არაფერში არ სჭირდება, მით უმეტეს, მეტსაც გეტყვით – იმ პირებისა და პოლიტიკური ფიგურანტების, რომლებსაც აგვისტოს ომის დროს ქვეყნისთვის საფრთხის ასაცილებლად არაფერი გაუკეთებიათ. აი, ამ – უკრაინისთვის რთულ პირობებში რაღაც მრჩევლებად და რაღაცნაირ ფიგურანტებად გამოყენება თვითონ უკრაინასაც, სამწუხაროდ, არაფერს არგებს და არ ვურჩევდი, რომ იმ ცუდი გამოცდილების ადამიანები დაიხმარონ ამ რთულ ვითარებაში თავიანთი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში მათი მმართველობით ურთულესი შედეგები დადგა. საბოლოო ჯამში, პუტინის აგრესიამ და ადეიშვილისა და მისი სხვა თანამზრახველების არასწორმა ქმედებებმა და, ხშირად, მოღალატეობრივმა ქმედებებმაც განაპირობა ის, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი მძიმე შედეგები დაუდგა და არ მინდა, რომ უკრაინასაც ასეთი არასწორი გონებით აძლევდნენ რჩევებს“, – განაცხადა დავითულიანმა.