“ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ წლების განმავლობაში შეძლო და სიღარიბე გაანახევრა, – მთავარი ინდიკატორი ხომ ეს არის. ის ნახევარიც ძალიან ბევრია, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია და ახლა სათითაოდ დასდევენ და ამ ხალხის გაჭირვებაზე თავიანთ პიარ კამპანიას აგებენ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

“თურმე, აქაც გამზადებული ჰქონიათ კამპანია, – როგორც კი სანქციებს დავაწესებდით, ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და ორნიშნა ზრდაში კი არა, მინუსში წავიდოდა, რასაც ახლა ვუყურებთ, ამ კამპანიას “დასცხებდნენ”. გაცილებით მძაფრი და რეალური იქნებოდა ეს კამპანია და არაპოპულისტური, იმიტომ, რომ რეალური საფუძველი ექნებოდა, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდებოდა ორი იმდენი და სამი იმდენი ადამიანი, ვიდრე დღეს არის.
ძალიან ცუდია გაჭირვებული ადამიანების არსებობა, ქვეყანას ვერ იპოვით, სადაც ასეულობით ათასი და, შეიძლება, მილიონობით გაჭირვებული ადამიანი არ არის. გააჩნია ქვეყნის სიდიდეს. მათზე პოპულისტური პიარის აგება ცალკე სიბინძურე და მდაბიოობაა.
შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ მათ გამზადებული ჰქონიათ კამპანია, სანქციებს რომ დააწესებინებდნენ ქვეყანას, რისთვისაც იბრძოდნენ ორი წელი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ საქართველოს დააზიანებდა, ჩამოშლიდნენ ქვეყანას და აი, ეს დაწერილი პიარ გეგმა, რომელიც მოქმედებაში ახლა მოიყვანეს, თუმცა სპეკულაციურია და მაინც და მაინც იმ დროს, როცა თავიანთი პატრონებისა და ქართველი ხალხის შიშით ვერ ამბობენ, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმოებულ კამპანიაზე მმართველი გუნდის პასუხია კონკრეტული ციფრები.

“ვინც ამ ბინძურ კამპანიას ახლა ასე პოპულისტურად და სპეკულაციურად აგებს, მათ დროს, 2005-2007 წლებში, მსოფლიოში ეკონომიკური ბუმი იყო. 2012 წლამდე საშუალო შეწონილი ინფლაცია 6.6% იყო. ჩვენს დროს რამდენ ეკონომიკურ კრიზისს, რამდენ ომს, პანდემიას ვხედავთ და რა უქნა ევროპის ქვეყნებს, ამასაც ვხედავთ, ხომ?! ახლა არის 4.6%. ამ პირობებში, როცა მათ ჰქონდათ მსოფლიო ეკონომიკური ბუმი და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გარკვეულ წლებში, (თუმცა, ჩამორჩებოდა ჩვენნაირ ქვეყნებს), მიუხედავად ამისა, მაშინ ჰქონდათ 6.6% საშუალო წლიური ინფლაცია. ჩვენ გვაქვს 4.6% ფასების ზრდა, ინფლაცია. შესაბამისად, ამ ფონზე მოვახერხეთ ჩვენ ეს ყველაფერი. ამ ფონზე მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობა, განვითარება. ზედიზედ ორი წელი გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამ ყველაფრის ფონზე მოვახერხეთ, ორი პროცენტით ნაკლები ფასების ზრდა გვქონოდა. გავანახევრეთ ციფრები. ომისა და პანდემიის ფონზე გავზარდეთ ეკონომიკა. ეს არის კონკრეტული ეკონომიკური მონაცემები და თქვან. ეს არის ჩვენი პასუხი მათ მიერ გამოგონილ თემაზე, თითქოს ახლა, დღეს გახდა პრობლემა, როცა ჩვენ შევძელით, დავასტაბილურეთ იმგვარად ფასები, რომ ყველა ქვეყანასთან შედარებით, კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით გვაქვს ყველაზე დაბალი ინფლაცია ქვეყანაში. გაჭირვებული ოჯახები რჩება, მათი გაჭირვებისა და სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება იგივე დინამიკა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.