„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ლგბტ პროპაგანდა ცუდი რომ არის, ამაზე ოპოზიცია პასუხს ვერ სცემს, იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ, იქ კი – თავიანთი პატრონების.
„ძალიან მარტივი კითხვები უნდა დავუსვა ამ პროპაგანდის ლატენტურ მიმდევრებს, მაგალითად, ასეთი: თქვენს ოჯახში, მშობელთა ნუმერაციის მიხედვით, თქვენ რომელ ადგილზე ხართ? ქალ-ვაჟი მყავსო, – ერთხელ გითქვამთ და, თქვენი გენდერულად ნეიტრალური შვილების მაგივრად, ამას თამამად რატომ აცხადებთ? არ გეშინიათ? სქესის შეცვლის ნებართვას ხომ მისცემთ თქვენს შვილებს, რამე რომ იყოს? ამის აუცილებლობის დარწმუნებაში ხომ დაეხმარებით?
ნიდერლანდებისა და შვეიცარიის მსგავსად, ინცესტის გარკვეული სახეობების ლეგალიზაციაზე რა აზრისა ბრძანდებით? ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში, ეთანხმებით თუ არა პედოფილიის ისეთი შემთხვევების დეკრიმინალიზაციას, სადაც ინტიმური კავშირი დგება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ურთიერთპრეტენზიების გარეშე? რას ფიქრობთ ქართულ სპორტში ტრანსგენდერების კვოტირებაზე? და სხვა უამრავი საინტერესო და თანამედროვე შეკითხვა…
მერე ყველაზე ორიგინალურ პასუხებს ბანერებზე დავიტანდი, შემეცნებით და საარჩევნო კლიპებს გამოვუშვებდი და საკონსტიტუციო უმრავლესობას დიდი ძალისხმევის გარეშე მოვიპოვებდი შემოდგომაზე. ამიტომაც გვაქვს “კრავთა დუმილი” და შიში, რამეთუ ჩვენი შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო საკუთარი პასუხები კოშმარული სიზმრების კატეგორიისაა“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.