„2023 წლის მარტის დღეები იყო ღია სანახაობა მსოფლიოსთვის, თუ რა მდგომარეობაშია საუკუნის წინ, კაცობრიობის უკეთესი ყოფისთვის შექმნილი ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებები. დღეს სიტყვის თავისუფლებამ დეზინფორმაციის სახე მიიღო, სიმართლე სიყალბედ იქცა და დემოკრატია ლიბერალურ ფაშიზმად მოგვევლინა”, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

“შარშანდელმა მარტის დღეებმა დაგვანახა ის ყალბი დემოკრატია, რომელიც დღეს მსოფლიოში მძვინვარებს. ზუსტი შეფასება მისცა მამუკა მდინარაძემ, – ეს ნამდვილად იყო საუკუნის აფერა. ოღონდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ მიგვეღო და ისიც კი იკადრეს, რომ FARA-ს საავტორო უფლებები რუსეთს გადაულოცეს. ეშინოდათ, ეშინიათ და მომავალშიც გაჰყვებათ იმის შიში, რომ არ გამოვააშკარაოთ უცხოური დაფინანსებით საქართველოს ეროვნული ღირებულებებისადმი მიყენებული ზარალი და, რაც მთავარია, არ გამოაშკარავდეს უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში. რუსთაველზე პოლიციელების ცოცხლად დაწვა, მოსწავლეებისა და პროფესორების ღია ბულინგი, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული პიროვნებების იძულება, გასულიყვნენ ქუჩაში და გაეპროტესტებინათ წაუკითხავი კანონი – ეს ყველაფერი იყო თანამედროვე გლობალისტების რეალური სახე. ეს იყო პროცესი, რომელმაც გამოაფხიზლა ქართული საზოგადოება და ღიად დაანახა მათი შვილებისთვის მოსალოდნელი საფრთხე. 7 მარტი ისტორიას დარჩება როგორც ქუჩაში ძალადობით გამოყვანილი საზოგადოების სირცხვილი. მჯერა, ამ პოლიტიკურ ავანტიურას სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენებენ ნეგატიურ “ქეისად”, თუ როგორი არ უნდა იყოს დემოკრატია“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.