„ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს – რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს მოხდა უცხოეთიდან. გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულებაში ჩართვა ჩვენი ქვეყნისთვის მავნე იქნება.

„საქართველო ქართველმა ხალხმა უნდა მართოს თუ უცხოელებმა? – ეს არის საკითხი. ჩვენ ჩვენს 30- წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა; ის, ვისი მანდატითაც უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. „ენჯეოები“, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა; მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს მოსამართლე და ვინ – არა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არანაირი ხალხის წარმომადგენლები ეს ორგანიზაციები არ არიან. ისინი არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ რამენაირად, საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ხალხის მართვაში.

26 ოქტომბერს არის არჩევნები. ჩვენ ამ არჩევნებზე გავალთ ამ კონცეფციით, – რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და შეგვიძლია, თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად.
ყოველ ჯერზე, როდესაც ქართულ მართლმსაჯულებაში ვინმე ჩაერია, ეს ჩარევა იყო უცხოეთიდან.
სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, უუნაროები არიან და უცხოელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა – მთლიანი დათმობა დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი იბრძოდა ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.