პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ ნორვეგია საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია.
„განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ხაზგასმით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერით განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
მთავრობის მეთაურმა ბერგლიოტ ჰოვლანდს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.