„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში იმ მოსამართლეების შესახებ წერს, რომლებიც ე.წ. ვეტინგის სისტემას ემხრობიან.
„რა საინტერესო პერსონები უჭერენ მხარს ე.წ. ვეტინგს! ამ მოსამართლეებსა და მათ ნამოქმედარზე უამრავი წერილი და მოკვლევა მაქვს გაკეთებული, თუ რა კავშირში არიან ისინი „ნაცმოძრაობასთან“ და როგორი რეპუტაციით სარგებლობენ სისტემაში. თვალსაჩინოებისათვის, რამდენიმე ფაქტს შევახსენებ საზოგადოებას:
ქეთევან მესხიშვილი – “მეამბოხე” მოსამართლეთა ავანგარდში დგას, პოლიტიკური გემოვნება ხშირად გამოუხატავს საჯარო განცხადებებითა და სოციალური ქსელებით. მეუღლე – დავით მესხიშვილი წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის მაღალჩინოსანს შსს-ში, – ჯერ იყო საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს უფროსის მოადგილე (2006-2008 წლებში), ხოლო შემდეგ, 2008-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი. ამ დროს აკადემიის რექტორი, მოგეხსენებათ, იყო “ნაცმოძრაობის” ამჟამინდელი ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. უკვე კრიტიკულ პერიოდში, 2012 წელს დაინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად, იმის გამო, რომ როგორც შსს-ს სანდო კადრსა და გამოცდილ ზონდერს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ადგილზე მოეხდინა ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური მობილიზება.
ნინო ბაქაქური – რამდენად პასუხისმგებლობით უდგება დაკისრებულ მოვალეობას, ეს ფაქტებიც მოწმობს: 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე ვადის დარღვევით განიხილა 560 საქმე, სადაც 45 პროცენტზე მეტ საქმეზე საქმის განხილვის ვადის დარღვევამ შეადგინა 2 წელი ან მეტი. ამდენად, 252 საქმეზე მხარეები საქმის განხილვის მოლოდინში იყვნენ 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, ხოლო 308 საქმეზე – 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში.
მამუკა წიკლაური – ყოფილი გენერალური პროკურორის, მამუკა გვარამიას (მის ხელში გაიარა რობაქიძის, გირგვლიანისა და სხვა გახმაურებულმა სახელმწიფო დანაშაულებმა) ცოლისძმა. წიკლაურის კისერზეა: 2021 წელი – თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა – მოსამართლე მამუკა წიკლაური; 2021 წელი – 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური; 2021 წელი – პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური; 2021 წელი – მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური; 2019 წელი – დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური; 2014 წელი – თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური; 2013 წელი – კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური.
მოკლედ, ამ ე.წ. მოსამართლეებსა და მათ პოლიტიკურ თუ რეპუტაციულ ანატომიას არაერთი წერილი მივუძღვენი. სწორედ ეს ანგაჟირებული მოსამართლეები ემხრობიან “ვეტინგს” და ქართული მართლმსაჯულების პირდაპირი გზით გასხვისებას!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.