„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მმართველი გუნდის მიერ დღეს წარმოდგენილ საქართველოს კონსტიტუციური კანონის – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ – პროექტს ეხმიანება და იმ პუნქტებს ასაჯაროებს, რომელიც პროექტშია მოცემული.

„ახლა გაირკვევა, რომელი პარტია და პოლიტიკოსი მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ვინ ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს.

საქართველოს კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“:
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვნის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოუყენებლობის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოუყენებლობის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოუყენებლობის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

P.S. პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, უნდა განეიტრალდეს და არასდროს მიეცეს ქართულ პოლიტიკაში არსებობის უფლება!” – წერს ქადაგიძე “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.