„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“19 აპრილის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, მედიატორის დაჟინებული იდეა – ხმების 2/3-ით ცესკო-ს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ განწესება ქართული კანონისათვის არაორგანული აღმოჩნდა და ოპოზიციისთვის არჩევნების შედეგების არაღიარების ღია იარაღად იქცა.
ცესკო-მ ეს სამართლებრივი ხარვეზი და “ცდა” საკუთარ თავზე თითქმის 3 წლის განმავლობაში ატარა, დღეს კი ხელი მოეწერა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს 19 აპრილის შეთანხმების მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკო-ს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენოს.
ლოგიკურია: მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ხელისუფლება ვერ და არ დაუშვებს.
ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებას” ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მიანიჭა“, – წერს მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.